პროექტი

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული  ღონისძიებათა ერთობლიობა „ვერთიანდებით ბავშვებისათვის“


პრობლემა, რომელსაც უკავშირდება პროექტი

ბავშვთა უფლებების დაცვა ყველა საზოგადოების მოვალეობაა. ხშირად, ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე არ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, რის გამოც ბავშვების უფლებები ხშირად ილახება. ვფიქრობთ, პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სვანეთშიც და სწორედ ამის გამო, გვსურს, სოფელ ჭუბერში ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  პროექტის განხორციელება.

აღნიშნული პრობლემა ეხება ჭუბერის თემის ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის 18 წლამდე და კანონის თანახმად, ითვლება ბავშვად. აგრეთვე, ვფიქრობთ, პრობლემა სცდება ამ ასაკობრივ სეგმენტს და მოიცავს გაცილებით მეტ ადამიანს,  მაგალითად, მშობლებსა და  პედაგოგებს. რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომელსაც პრობლემა ეხება, მთელი თემია, თუმცა, უშუალოდ ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობას 70-დან 100 ადამიანამდე ვვარაუდობთ, სკოლის მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობის გათვალისწინებით. მონაწილეთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად, ღინისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეები გაივლიან რეგისტრაციას.

საინიციატივო ჯგუფის 7 წევრი (ხათუნა ცინდელიანი, მერაბ ქალდანი, თამარ ანსიანი, ნინო ჩხვიმიანი, სალომე ვიბლიანი, ნანუკა ფილფანი, მიხეილ ფილფანი)  მუდმივად ცხოვრობს ჭუბერში, 2 წევრი (ლანა ჩხეტიანი, გიორგი ვიბლიანი) კი წარმოშობით ჭუბერიდან არიან, ჭუბერში აქვთ სახლი, ყავთ ახლო ნათესავები და სეზონურად ჩადიან სოფელში.


პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია, ჭუბერის თემის მოსახლეობისათვის ბავშვთა უფლებები გახდეს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. გვინდა, ჭუბერის თემის წევრებმა დისკუსიის ფარგლებში გამოკვეთონ
     რა სახით ირღვევა თემში ბავშვთა უფლებები?
     რას თვლიან თავად ისინი ბავშვთა უფლებების შელახვად?
     რაში მდგომარეობს პრობლემა და რა არის გამოსავალი?
გვინდა გავამართლოთ ჩვენი პროქტის სახელწოდება და მართლაც, ყველა თაობა გავერთიანდეთ ბავშვთა უფლებებისათვის. გვინდა შევთანხმდეთ, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ბავშვის უფლებები იყოს მაქსიმალურად რეალიზებული. გვინდა, ამ დღემ გააერთიანოს ყველა ბავშვი კეთილდღეობისათვის. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, მოსახლეობას გავუღვივოთ ინტერესი, ეს არ იყოს ერთჯერადი აქცია და მომავალშიც დამკვიდრდეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია.


დაგეგმილი საქმიანობები

ღონისძიება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან.  გვექნება ტრენინგი, რომელსაც გაუძღვება მოწვეული სტუმარი  ბრიტანული ორგანიზაციიდან Every Child, რომელიც  მონაწილეებს მოკლედ გააცნობს, რა არის ბავშვთა უფლებები და რომელი  საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ის. ამის შემდეგ გაიმართება  ბავშვების ნახატების გამოფენა, რომლის თემაც იქნება „მე და ჩემი უფლებები“. თავად ნახატების შინაარსი კი გახდება ღონისძიების ძირითადი ნაწილის, დისკუსიის თემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. ნახატების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება საინტერესო სურათი გამოიკვეთოს, რამდენად არის დაცული ამ კონკრეტულ საზოგადოებაში ბავშვთა უფლებები. რაში მდგომარეობს პრობლემების არსი და როგორ შეიძლება ვეძებოთ მათი გადაწყვეტის გზები. დისკუსიას გაუძღვება მოწვეული სტუმარი, სოციალური მუშაკი ანა ჯველაური, რომელსაც ასევე ფსიქოლოგის განათლება აქვს და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ერთობლივი განხილვა.

საქმიანობები:
  1. ღონისძიების ჩატარებისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საქონლის შესყიდვა.
  2. თემის ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელება ღონისძიების ჩატარების შესახებ  -  უბნებში გამოვაკრავთ საინფორმაციო ფურცლებს, ასევე მოსახლეობას პირადად მივაწვდით ინფორმაციას, რომ იგეგმება მსგავსი ღონისძიება და დავპატიჟებთ.
  3. გამოფენისთვის ნახატების თავმოყრა  -  უშუალოდ ღონისძიებამდე თვენახევრით ადრე, ანუ აპრილის შუა რიცხვებში გამოვაცხადებთ ბავშვთა უფლებების თემაზე ნახატების მიღებას. მონაწილეობას მიიღებს სკოლის ასაკის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს სურვილს. აგრეთვე ხატვის გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები დახატავენ საერთო ნახატს (შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტის დახატვაც), რომლებიც  დაიბეჭდება რამდენიმე პოსტერად და ღონისძიების ჩატარების შემდეგ დარჩება სკოლაში, როგორც ბავშვთა უფლებებისთვის ჭუბერის თემის გაერთიანების სიმბოლო. ნახატების მიღება დასრულდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე.
  4. პლაკატების დაბეჭდვა (ბავშვების მიერ ერთობლივად დახატული ნახატი, რომელიც სკოლას დარჩება, როგორც ბავშვთა უფლებებისთვის ჭუბერის თემის გაერთიანების სიმბოლო.)
  5. ღონისძიების ჩასატარებელი ფართის მოწყობა
  6. სტუმრის გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება- ბილეთის აღება. 
  7. ღონისძიების თეორიული ნაწილისთვის ვიზუალური მასალის მომზადება Power Point-ის პრეზენტაციის სახით.
  8. მონაწილეთა რეგისტრაცია -   ღონისძიების ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, მონაწილთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად მსურველებს დავარეგისტრირებთ სმს-ის საშუალებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, ვინც ვერ გაიარა რეგისტრაცია, ვერ დაესწრება ღონისძიებას.
  9. მონაწილეთა კვების საკითხის უზრუნველყოფა - შესვენების დროს მონაწილეებს გავუმასპინძლდებით გაზიანი სასმლითა და ტკბილეულით.
  10. ღონისძიების ჩატარება  - გაიმართება ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს.
·         დაიწყება თეორიული ნაწილით, მოხალისე მონაწილეებს მიაწვდის ზოგად ინფორმაციას ბავშვთა უფლებების შესახებ.
·         ამის შემდეგ გადავალთ ნახატების შინაარსის განხილვაზე და უკვე დისკუსიის ნაწილზე.
·         დისკუსიის ბოლოს მონაწილეები შეჯერდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩამოიწერება ფორმატზე, გაფორმდება ვიზუალურად და ყველა მონაწილე მოაწერს ხელს. ეს იქნება ერთგვარი „შეთანხმების დოკუმენტი“, რომელიც ბავშვების შექმნილ პლაკატებთან ერთად დარჩება სკოლაში და შეახსენებს საზოგადოებას, თუ რა დასკვნებამდე მივედით ამ ღონისძიების შედეგად.
·         ღონისძიების დასასრულს, მონაწილეები „ციურ ფარნებზე“ დაწერენ სურვილებს, რომლებსაც ერთად გავუშვებთ ჰაერში.