6.02.2012

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღე ჭუბერში

ჩვენი ღონისძიება 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღეს, ჭუბერის კულტურის სახლში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო 70ზე მეტია დამიანი, ჭუბერის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და რამდენიმე მშობელი.
ღონისძიების მონაწილეები

ღონისძიება დაიწყო ტრენინგით. მოწვეულმა სტუმარმა, ანა ჟველაურმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის დღის შესახებ და ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპების შესახებ.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური დავალებები ბავშვთა უფლებების შესახებ მიცემულ კონკრეტულ შემთხვევებზე და გააკეთეს პრეზენტაცია.



გაიმართა დისკუსია, რა პრობლემები არსებობს ჭუბერში ბავშვთა უფლებების კუთხით. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული პრობლემაა ბავშვების ფიზიკური დასჯა და ბავშვთა შრომა.

ღონისძიების ბოლოს, საღამოს 8 საათზე მონაწილეებმა სიმბოლურად ცაში გაუშვეს ანთებული ფარნები.

5.15.2012

როგორ ვემზადებოდით ღონისძიებისთვის

პროექტის გამარჯვების შემდეგ შევუდექით სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებას. შევიძინეთ საკანცელარიო მასალა, რაც გვჭირდებოდა გამოფენის ორგანიზებისთვის. ჭუბერის თემის სხვადასხვა სოფლებში გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ბავშვებში. მაისის დასაწყისში უკვე გამოვაცხადეთ ნახატების მიღება. ჩვენი ღონისძიება მიეძღვნა ბავშვთა უფლებებს და შესაბამისად, ბავშვებმა ნახატებიც სწორედ ამ თემაზე დახატეს.  მომავალი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ მოსწავლეებს ჭუბერის სკოლაში, ასევე ყარ-სგურიშის სკოლაში.

5.04.2012

პროექტის გამარჯვება

ctc-ში პროექტის წარდგენიდან რამდენიმე კვირაში დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს, რომ ჩვენმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა, თუმცა, იყო გარკვეული შენიშვნები. გავიარეთ კონსულტაცია ctc-ს წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც პროექტში შევიტანეთ საბოლოო შესწორებები. მალე  შეგვატყობინეს, რომ ჩვენი პროექტი დაფინანსდა და დაგვიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულება გავაფორმეთ12 აპრილს.

5.01.2012

როგორ დავწერეთ პროექტი

2012 წლის დეკემბერში CTC-ს ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში გამოცხადდა მიკრო გრანტების კონკურსი ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლის  ახალგაზრდებისათვის. ჭუბერის თემის ახალგაზრდების ნაწილმა პროექტის შესახებ ინფორმაცია თბილისში, CTC-ს ოფისში მიიღო, ნაწილმა მესტიის ოფისში. მოგვიანებით, სოციალური ქსელების საშუალებით დავუკავშირდით ერთმანეთს და შევქმენით 9 კაციანი გუნდი.
ჩვენი პროექტის იდეაზე რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ღონისძიება დაკავშირებული ყოფილიყო ბავშვთა უფლებებთან. ბევრი ვიფიქრეთ პროექტის სახელწოდებაზეც, გვქონდა უამრავი იდეა. ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ჩვენი პროექტის სახელწოდება ერთგვარი ლოზუნგიც ყოფილიყო ჭუბერის თემის მოსახლეობისათვის და პროექტს ვუწოდეთ "ვერთიანდებით ბავშვებისათვის".